geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

  მარიამ ცინდელიანი - ფულბრაიტელი სამედიცინო ფიზიკოსი თსუ-დან

რუბრიკა „უნივერსიტეტელის“ სტუმარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მარიამ ცინდელიანია.   ფულბრაიტის სტიპენდიატი, რომელიც დღეს  მაგისტრატურის საფეხურზე სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით Duke-ის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში სწავლობს. Fulbright-ის პროგრამა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ სტიპენდიად ითვლება. დიუკის უნივერსიტეტი  კი ამერიკის შეერთებული შტატების  ტოპ 10 უნივერსიტეტის ჩამონათვალში მე-7 ადგილზეა.  

 

ფულბრაიტის სტიპენდიით ამერიკაში მარიამი 2 წლის განმავლობაში, (სრული ოთხი სემესტრი) სამედიცინო ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე, კონკრეტულად კი ბირთვული მედიცინის მიმართულებით ისწავლის.

 

მარიამმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულება  2023 წელს წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაასრულა და ბაკალავრიატის საფეხურზე ფაკულტეტზე ყველაზე რეიტინგული სტუდენტი გახდა.  

 

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა მან თსუ-ში ასევე 100%-იანი დაფინანსებით, ბიოფიზიკის მიმართულებით განაგრძო, რომელიც ასევე წითელ დიპლომზე დაასრულა 2025 წელს. როგორც ბაკალავრიატის ისე მაგისტრატურის საფეხურზე, ყოველ სემესტრში იყო არაერთი კერძო და სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი  კარგი აკადემიური მოსწრებისათვის.

 

მთელი სტუდენტობის პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდა ფიზიკოსი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო, სტუდენტურ და საერთაშორისო კონფერენციებში, ასევე იყო სტუდენტთა ნაშრომების თანახელმძღვანელიც.

 

ამერიკაში სწავლის გაგრძელებამდე მარიამი თოდუას კლინიკაში  სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციაზე მუშაობდა. იგი უზრუნველყოფდა  რადიაციულ უსაფრთხოებას მედპერსონალისა და პაციენტებისთვის, რეგულარულად აკონტროლებდა აპარატურის ხარისხს, მართავდა რადიოფარმპრეპარატებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებს ბირთვულ მედიცინაში,  ამ სფეროში ნერგავდა ახალ ტექნოლოგიებსა და პროტოკოლებს.

 

 

თსუ-ის აბიტურიენტობიდან ფულბრაიტის სტიპენდიატობამდე

 

 

თსუ კურსდამთავრებულმა საზღვარგარეთ სასწავლებლად  ევროპისა და ამერიკის ათამდე წამყვანი უნივერსიტეტისგან მიიღო შეთავაზება, თუმცა, 2026 წლის აგვისტოდან სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით Duke-ის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში განაგრძო.

 

დიუკის უნივერსიტეტს მხოლოდ 6% აქვს მიღების მაჩვენებელი, (რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამებზე 100 აპლიკანტიდან დაახლოებით 6-ს სთავაზობენ მიღებას), 26-ე ადგილზეა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგში.

 

 „ჩემთვის Fulbright-ის სტიპენდიატობა, რა თქმა უნდა, დიდ სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ვიცი, რომ ჩემს განათლებაში უდიდესი რესურსი (მილიონამდე ლარი) იდება. წლების წინ ყველაზე დაუჯერებელ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვისწავლიდი ამერიკაში, ჩემს საოცნებო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით. თუმცა ერთწლიანი სააპლიკაციო პროცესის გავლისა და დიდი ძალისხმევის შემდეგ ეს ოცნება რეალობად იქცა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ფულბრაითის სტიპენდიატი. ეს არ არის მხოლოდ სტიპენდია, რომელსაც თვიდან თვემდე იღებ, ფულბრაითელობა შლეიფად გასდევს მთელს მომავალ კარიერულ ცხოვრებას და უდიდეს სანაცნობო წრეს სძენს ადამიანს“, - აცხადებს  მარიამ ცინდელიანი.

 

 საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება მისი მიზანი ჯერ კიდევ აბიტურიენტობის  პერიოდიდან იყო. მისი აზრით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უამრავ საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, ბევრი ერთობლივი პროექტი და გაცვლითი პროგრამა აქვს. სწორედ ეს გახდა თსუ-ში ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.

 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ფიზიკის უძლიერესი დეპარტამენტი, აქტიური სამეცნიერო საზოგადოებითა და მცოდნე, თავიანთ სფეროში წამყვანი ლექტორებით. ის ფუნდამენტური ცოდნა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე, იყო ტრამპლინი საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში თამამად შესაბიჯებლად. კონფერენციებში მონაწილეობამ დიდი თავდაჯერება და გამოცდილება მომცა, მაღალმა აკადემიურმა მოსწრებამ და პროფესორ-მასწავლებლებისგან სარეკომენდაციო წერილებმა კი საბოლოოდ განაპირობა ჩემი ეს წარმატება.  

 

როდესაც ადამიანს აინტერესებს სამყაროს შეცნობა და მეცნიერებაში თავისი სიტყვის თქმა სურს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დააგროვოს ხარისხიანი ბაზისური ცოდნა, ამისთვის საუკეთესო ადგილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი სამეცნიერო საზოგადოების წევრობა. მეცნიერება ყოველდღიურად ვითარდება და ახალ მწვერვალებს აღწევს. როგორც სტუდენტიც, რაც უფრო მეტს სწავლობ, უფრო ღრმავდება ჰორიზონტი და ინტერესიც (მიზიდულობაც) მის მიმართ, ამით იგი ძალიან წააგავს შავ ხვრელს, თუმცაღა შავ ხვრელში გადაშვებამდე, აუცილებელია, სწორი მიმართულების არჩევა, რასაც საუკეთესოდ ახერხებენ თსუ-ს პროფესორები”,- განმარტავს ახალგაზრდა მკვლევარი.

 

 

 უნივერსიტეტი როგორც დიდი ბიბლიოთეკა  და ბირთვული მედიცინა როგორც მომავლის პროფესია

 

 

საინტერესოა როგორ აღიქვამს რა შეგრძნებები ებადება თსუ-ის დამთავრების შემდეგ  მარიამს სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით? ურჩევს თუ არა სტუდენტებს იგივე სპეციალობის არჩევას? ან როგორია საბოლოოდ მისი მიზნები?

 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის არის დიდი ბიბლიოთეკა, რომლის თაროებზეც წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნაა გადანაწილებული და რაც მთავარია, შიგნით ყველაზე გამოცდილი და მცოდნე “ბიბლიოთეკარები” არიან დასაქმებულნი, რომლებმაც საკუთარი ხუთი თითივით იციან ყველა თაროზე განლაგებული ცოდნისკენ მიმავალი გზა.

 

სამედიცინო ფიზიკოსი არის ადამიანი, რომელიც მუშაობს კულისებს მიღმა. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ კლინიკაში პაციენტის დიაგნოსტიკისთვის გამოყენებული თითოეული გამოსახულება იყოს უმაღლესი ხარისხის, აპარატურა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მიღებული რადიაციული დოზა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ჩვენ ვაკონტროლებთ პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის რადიაციულ დასხივებას და უზრუნველვყოფთ მოსახლეობის უსაფრთხოებას.

 

ზოგადად კი, ეს სფერო წარმოადგენს ხიდს კომპლექსურ ტექნოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას შორის. ორივე მათგანი მოითხოვს დიდ სიზუსტესა და ყურადღებას.“

 

ცნობისათვის,  მარიამ ცინდელიანი თსუ-ის გამოთვლითი ფიზიკის სტუდენტური ლაბორატორიის წევრია. ფიზიკის სტუდენტური ლაბორატორია თსუ-ში   2019 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია,  სტუდენტებს კარიერის ადრეულ წლებშივე მისცეს სამეცნიერო სტატიების გარჩევის, დამოუკიდებელი კვლევისა და კონფერენციაზე ნაშრომის წარდგენის გამოცდილება, ამავდროულად გააცნოს სამეცნიერო მუშაობის თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა მონაცემთა დამუშავება, კომპიუტერული სიმულაციები და მოდელირება. მარიამის ნაშრომები  რიცხობრივ გამოთვლებსა და კომპიუტერულ მოდელირებას ეფუძნება. გარდა ამისა, იგი მუდმივად აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო ინიციატივებში, განსაკუთრებით ცდილობს ხელი შეუწყოს იმ პროექტებს, რომლებიც სკოლის მოსწავლეებში მეცნიერების სიყვარულის გაღვივებას უწყობს ხელს.  როგორც საქართველოს ფიზიკის სტუდენტთა ასოციაცია GAPS-ისა და ახალგაზრდა ფიზიკოსთა ასოციაციის Young Minds Tbilisi-ის აქტიური წევრი, მოსწავლეებისთვის გეგმავს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

 

„ჩემი უშუალო მიმართულება, სამედიცინო ფიზიკა, არის ფიზიკის, როგორც დარგის, ერთ-ერთი წამყვანი, პრესტიჟული და საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ დანერგილი მიმართულება დიდი მომავლით. ჩემი მიზანი, გარდა პროფესიონალად შედგომისა, არის საზღვარგარეთ დაგროვილი ცოდნის გაზიარება და დარგის განვითარება საქართველოში, რაც თავისთავად მოიაზრებს სწავლებასაც. 

 

პროფესია, რომელიც ავირჩიე, ფეხს სწორედ ახლა იდგამს და ამიტომ ბევრმა ფიზიკოსმაც კი არ იცის მისი არსებობის შესახებ. ტექნოლოგიურმა განვითარებამ თავისთავად მოითხოვა ფიზიკის პრინციპების დანერგვა მედიცინაში.  ეს მომავლის პროფესია, რომელსაც სამედიცინო ფიზიკა ჰქვია, არის მათთვის, ვისაც უყვარს მეცნიერება, აინტერესებს მედიცინა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ადამიანს, რომელსაც სკოლის პერიოდში ფიზიკა და ბიოლოგია განსაკუთრებით აინტერესებდა და უფიქრია როგორ შეიძლება ამ ორი მიმართულების გაერთიანება, აუცილებლად დააინტერესებს სამედიცინო ფიზიკის შესწავლა“,- აცხადებს მარიამი.

თარიღი: 05/10/2026